Monday, June 11, 2012

ქართული ხალხური მუსიკა



ქართული ხალხური მუსიკა სათავეს უძველეს დროში იღებს. იგი თავიდანვე დაკავშირებული იყო ჩვენს წინაპართა ყოფასთან. მასში, როგორ სარკეში, არეკლილია ქართველი ერის უმდიდრესი ისტორია, სულიერი მისწრაფებანი, ზნეობრივი სისპეტაკე, კაცთმოყვარეობა, პატრიოტული და გმირული შემართება. ხალხური მუსიკა ოდითგანვე ერის სულიერ საზრდოს წარმოადგენდა და ქართველი კაცის ყოველ სამეურნეო თუ ყოფით საქმიანობას უკავშირდებოდა. მღეროდნენ ომის, შრომის, ავადმყოფობის, მხიარულების, მწუხარების დროს. სიმღერა სწორედ ის ძალა იყო, რომელიც გაჭირვებაში მხნეობასა და სიმტკიცეს მატებდა. ამიტომაც უფრთხილდებოდა ქართველი კაცი თავის მრავალსაუკუნოვან მუსიკალურ ენას.
უძველესი ცნობები ქართული ხალხური მუსიკის შესახებ არქეოლოგიურ მასალებსა და ძველბერძნულ წყაროებში მოიპოვება. აღმოჩენილია სხვადასხვაგვარი საკრავი, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე დაუმზადებიათ: სალამურები, ჩანგი, ლირა
უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ხალხურ სიმღერებს უხსოვარი დროიდან მრავალხმიანობა ახასიათებდათ. მრავალხმიანობა, ანუ პოლიფონიურობა, კი უნიკალურ მოვლენად ითვლება და მსოფლიოს ხალხთა შორის ერთეულები თუ დაიტრაბახებენ ასეთი სიმდიდრით. ქართული მრავალხმიანობა მათ შორისაც სრულიად განსაკუთრებულია, განსხვავებული და მრავალეფროვანი. საქართველოს ყველა კუთხეს თავისებური მუსიკალური დიალექტი აქვს, ასეთი დიალექტები 15-მდე აღწევს.
ქართული ხალხური სიმღერები ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნიან ჩვენს წინაპართა ადათებსა და ცხოვრების წესზე. ამდენად, ქართულ ხალხურ სიმღერას ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. საქართველოში დღემდეა შემორჩენილი უძველესი სარწმუნოების კვალი, რომელშიც ქართველთა მითოლოგიური წარმოდგენებია ასახული. ქართულ სოფელში დღესაც შეიძლება მოისმინოთ უძველესი შელოცვები, ამინდის ღვთაების საგალობლები, მზის სადიდებელი ჰიმნი, სამკურნალო სავედრებელნი და სხვა. მათი შესწავლა საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ, როგორ მღეროდნენ ჩვენი წინაპრები 2-3 ათასი წლის წინ.
აღსანიშნავია, რომ უძველესი სიმღერები მრავალხმიანია და გუნდურად სრულდება, რაც ქართული ხალხური მუსიკის ყველაზე უფრო დამახასიათებელი და გამორჩეული მხარეა.
საუკუნეების მანძილზე ქართული ხალხური სიმღერა იხვეწებოდა და მდიდრდებოდა. „ჩაკრულოს“, „ლილეს“, „ჰასანბეგურას“, „მრავალჟამიერის“, „იავნანას“ და კიდევ მრავალ უბრწყინვალეს სიმღერათა სამშობლო – საქართველო „მსოფლიო ხალხური მუსიკის სატახტო ქვეყნად იქცა“*, ხოლო ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიო შედევრად აღიარეს.
ქართველ ხალხს სამართლიანად შეუძლია იამაყოს წინაპართა მიერ შექმნილი უძველესი და უმდიდრესი მუსიკალური კულტურით, რომლის მოვლა-პატრონობაც ახალგაზრდა თაობის ვალია.
არსებობს ხალხური მუსიკის სხვა და სხვა ხმები : გამყინავი,მოძახილი,ბანი, და სხვა.

ქართული ცეკვების ისტორია


ქართული ცეკვების ისტორია


ფაილი:Georgian dance 3.jpg
ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილასამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის - მთვარის („შუშპა“) პატივსაცემად შესრულებული რიტუალური ფერხული. უძველესი ფერხულის რიტუალურ ხასიათს ატარებს თრიალეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება (ძვ. წ. II ათასწლეული) — ნიღბებიან მონადირეთა ფერხული, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაების — დალისადმი უნდა იყოს მიძღვნილი. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი: „სამონადირეო ფერხული“, „ლემჩილი“, „ბეთქილის ფერხული“ და სხვ. დროთა განმავლობაში პირველყო „ხორუმი“.
ბაგინეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ძვლის ფირფიტაზე გამოსახული მოცეკვავე ქალის ფიგურა (ძვ. წ. VI ს.) მიუთითებს, რომ ნაყოფიერების ღმერთის ტაძართან იმართებოდა ქალთა რიტუალური ცეკვებიც.
მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებას მოჰყვა ახალი ადათ-წესების ჩამოყალიბება, რომლებიც აისახა მაგიური ხასიათის რიტუალურ ცეკვებში ,,მელია-ტელეფია’’, ,,ფერხულ-ოსხეპუე’’, ,,ორსართულიანი ფერხული’’, (,,ზემყრელო’’, აბარბარე’’, მირმიქელა’’ და სხვ.). აგრარული შინაარსის მასკარადი ,,ბერიკაობა’’, ,,მფერხაობის დღე’’ და სხვ. ბუნების მწარმოებელი ძალებისა და მათთან დაკავშირებული შრომით პროცესებს ეძღვნება.
მასობრივ (მამაკაცთა და ქალთა) ცეკვებთან ერთად ძველთაგანვე არსებობდა ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული წყვილთა ცეკვები. წყვილთა ცეკვის ფორმის განვითარებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა სინთეზური თეატრალური სანახაობა ,,სახიობა’’, რომელიც წარმართობის დროის დიდი დღესასწაულების თანმხლები ელემენტი იყო. სახიობის მხატვრული განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა რომანტიკული შინაარსის განსაკუთრებული დიალოგური ფორმა, რომელიც სრულდებოდა სალექსო იმპროვიზაციით, ე. წ. ქალ-ვაჟიანით.
წმინდა საცეკვაო ელემენტების შერწყმამ ადათ-წესებისა და თამაშობების რიტუალებთან განაპირობა ისეთი ცეკვების შექმნა, როგორიცაა: „ქართული“, ”განდაგანა”, „ხორუმი“, „ფერხულ-ორსართულა“, „სამაია“, „ხანჯლური“, „მთიულური“, „მთიულური დავლური“, „ბაღდადური“ და სხვა. ეს ცეკვები თავისებური ,,აღმოჩენა’’ იყო ქართულ ქორეოგრაფიაში. დროთა განმავლობაში, შეიქმნა მრავალი საცეკვაო დასი, რომლებიც პოპულარიზაციას უწევდნენ ქართულ ქორეოგრაფიას არა მარტო საბჭოთა კავშირისქვეყნებში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. დიდად გაითქვეს სახელი საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლმა (მხატვრული ხელძღვანელები ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი), სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (ხელმძღვანელი გ. ბაქრაძე, ქორეოგრაფი ბ. დარახველიძე), სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ,,რუსთავმა’’ (მხატვრული ხელმძღვანელი რ. ჭოხონელიძე), სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ,,ერისიონმა’’.

პრესრელიზი


პრესრელიზი

 ჯგუფი ”არტ-გენი”, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქართული ფოლკლორის და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციების მოძიება და მათი პოპულარიზაცია, წარმოგიდგენთ ფესტივალს ”არტ-გენი 2012”, რომელიც უკვე მეცხრე წელია წარმატებით ტარდება. წელს დაგეგმილია ფესტივალის 5 რეგიონალური ტური და მისი შემაჯამებელი 9 დღიანი დასკვნითი ნაწილი თბილისში.
ამა წლის ივლისის დასაწყისიდან ფესტივალი „არტ–გენი 2012“ სტარტს აიღებს კახეთში („ყვარლის ტბა’’), შემდეგ ტური გაგრძელდება ზუგდიდში (ბოტანიკური ბაღი), იმერეთში (წყალტუბო), გურიაში (ჩოხატაური). რეგიონალური ტური დასრულდება ქ. ფოთში (მალთაყვას ტყე–პარკი).
21ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით ფესტივალის დასკვნითი ნაწილი ტრადიციულად გაიმართება თბილისში, გ. ჩიატაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან ხალხური სიმღერის, ინსტრუმენტალური მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერებისა და რეწვის ოსტატები საქართველოს ყველა კუთხიდან. ასევე, წელს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოღვაწე ეროვნული უმცირესობები, კავკასიელი სტუმრები მეზობელი რეგიონებიდან, აგრეთვე შემოქმედებითი ჯგუფები უცხოეთიდან (პოლონეთი, უკრაინა, ბალტიისპირეთი და სხვ)
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ

არტ-გენი


არტ-გენი

2004 წლის დასაწყისში შეიქმნა ჯგუფი “არტ-გენი”, მეგობრების ჯგუფი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში არსებული სოციალურ-კულტურული პრობლემების დაფიქსირება და მათი წარმოჩენა. თავიდანვე ჟგუფის პრიორიტეტად განისაზღვრა საოჯახო ფოლკლორის და სახვადასხვა ძირძველი ტრადიციების მოძიება და მათი პოპულარიზაცია. აგრეთვე ჩვენი სურვილი იყო აღგვედგინა ხიდი ქალაქსა და სოფელს შორის, ჩამოგვეტანა სოფლიდან ქალაქში ტრადიციული კულტურა, რაც ერთის მხრივ ახალგაზრდობაში გააღვივებდა ინტერესს მათი ისტორიისა და ტრადიციების მიმართ, მეორეს მხრივ დაანახებდა სოფლის მაცხოვრებლებს მათ მიერ შენარჩუნებული ტრადიციებისადმი ინტერესსა და მოთხოვნას. ამისთვის გადავწყვიტეთ დაგვეარსებინა ყოველწლიური სახალხო ფესტივალი “არტ-გენი”, რომელიც ტრადიციულად იწყება ექსპედიციებით და ღონისძიებებით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში, დასკვნითი ნაწილი კი იმართება თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე, სადაც თავს იყრის ექსპედიციების შედეგად მოძიებული სხვადასხვა დარგის ტრადიციული კულტურა.
ფესტივალის 8 წლის არსებობის განმავლობაში მის ბაზაზე ჩატარდა ასზე მეტი კონცერტი და ღონისძიება. დღეს ის წარმოადგენს ქვეყანაში ერთერთ ყველაზე ცნობილ და ხალხმრავალ ფესტივალს, რომელსაც ყოველწლიურად საშუალოდ 30 – 40 ათასი ადამიანი ესწრება.
ყოველ წელს ფესტივალი იძენს ახალ აქტუალურ თემას, რომელიც მას თანსდევს შემდგომშიც:
2004 წელი – საოჯახო ფოლკლორი
2005 წელი – ხალხური რეწვა
2006 წელი – კავკასიური სახლი
2007 წელი – ეკო ტურიზმი, საქართველოს რეგიონები და მიგრაციის პრობლემები
2008 წელი – მსოფლიო ტრადიციული კულტურები
2009 წელი – საქართველოს ეკოლოგია და ბიო კულტურები
2010 წელი – ქართული ენა დამწერლობა
ასევე არტ-გენის ბაზაზე იქმნება ჩვენს მიერ მოძიებული მასალის აუდიო,ვიდეო და ფოტო არქივი.

ჩვენებურები (ფესტივალი)


ჩვენებურები (ფესტივალი)

„ჩვენებურები“, ქართული კულტურის საერთაშორისო ფესტივალი; ტარდება საქართველოში, ყოველწლიურად 2002 წლიდან.
ფესტივალი მიზნად ისახავს საზღვარგარეთის ქართულ დიასპორებთან კულტურული კავშირების აღდგენასა და შენარჩუნებას, ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას. მასში მონაწილეობენ საქართველოში მოღვაწე, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული შემოქმედებითი ჯგუფები და ის უცხოური კოლექტივები, რომელთა რეპერტუარში დიდი ადგილი უჭირავს ქართულ სიმღერასა და ცეკვას. ფესტივალის პრეზიდენტია პროფ. გიული ალასანია.

ქართული ფოლკლორის ფესტივალები


ქართული ფოლკლორის ფესტივალები

ხალხური სიმღერის ფესტივალი

წელს ფოლკლორის სფეროში კიდევ ერთ საინტერესო სიახლეს ჩაეყარა საფუძველი - გოგი გელოვანის სახელობის ხალხური სიმღერის ფესტივალი თეატრალურ კოლექტივებს შორის გაიმართა. მისი ორგანიზატორი სააგენტო ”არტ-ათეული” გახლდათ. ფესტივალზე კოლექტივები როგორც საკონკურსო, ასევე არასაკონკურსო პროგრამით წარსდგნენ. 27 თებერვლიდან 14 მარტამდე მათ რესტორანი "მარანი" მასპინძლობდა, გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოვება კი 16 მარტს მარჯანიშვილის თეატრში შედგა.

დაჯილდოვების ცერემონიას თეატრალიზებული წარმოდგენის სახე ჰქონდა. გოგი გელოვანის პიროვნებისა და ქართული სიმღერისადმი მისი სიყვარულის შესახებ ცნობილმა მსახიობებმა ისაუბრეს, გაიხსენეს აგრეთვე რამდენიმე შემთხვევა გარდაცვლილი მსახიობის ცხოვრებიდან. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ეკრანზე ეხილა ეპიზოდები ბატონი გოგის ნათამაშები როლებიდან, მისი სატელევიზიო საუბრებიდან და მასზე გადაღებული სხვა დოკუმენტური მასალებიდან. ნაჩვენები იქნა აგრთვე ფესტივალის მსვლელობისას ”მარანში” გადაღებული კადრებიც.

დაჯილდოვების ცერემონიას სააგენტო ”არტ-ათეულის” დირექორი - ბატონი ვანო ცინაძე უძღვებოდა. გამარჯვებულები სამკაციანმა ჟიურიმ გამოავლინა. სიგელები და პრიზები გადაეცათ როგორც გამარჯვებულებს, ასევე ფესტივალის მონაწილეებსაც. დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალში ფესტივალის სპონსორი კომპანიები და საინფორმაციო მხარდამჭერები მონაწილეობდნენ. პირველი ადგილი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრს ერგო, მეორე - ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ თეატრს, ხოლო მესამე ადგილი სანდრო ახმეტელისა და ნანა კვასხვაძის სახელობის თეატრებმა გაინაწილეს.

ქართული ფოლკლორი



ქართული ფოლკლორი



მრავალსაუკუნოვანი ქართული ფოლკლორი-ქართველი ერის შემოქმედებითი გენიის ნაყოფი-არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კულტურის კუთვნილებაა. საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა ქართული ფოლკლორის უნიკალური ნიმუშები-მომღერალთა, მოცეკვავეთა, ხალხურ მელექსეთა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა სწორუპოვარი შემოქმედება: ქართული მრავალხმიანი სიმღერა, ქართული ცეკვა, ზეპირსიტყვიერება, ქართული ჩუქურთმა, ფარდაგი, კერამიკა, ტიხრული მინანქარი, კედლის მხატვრობა, ქართული სამოსი, ოქრონემსული, ოქრომკედითა და ვერცხლიმკედით ქარგულობა, ქართული საჭურველი...

საქართველო ვოკალური მრავალხმიანობის კლასიკური ქვეყანაა და ქართული მუსიკალური აზროვნებისათვის ვოკალური მრავალხმიანობის პრინციპია ამოსავალი. ქართულმა ხალხურმა მრავალხმიანმა სიმღერამ განვითარებისა და სრულყოფის ხანგრძლივი პერიოდი განვლო. დროთა განმავლობაში გროვდებოდა, თვისობრივად და რაოდენობრივად იცვლებოდა ქართული მუსიკალური ფოლკლორისტიკა. ფოლკლორი თავისთავად გულისხმობს სინკრეტიზმს და ორგანულ მთლიანობაში მოიცავს ცეკვას, სიმღერას, მუსიკას, ლექსს. ქართულ ხალხურ მუსიკას ახასიათებს თავისუფალი მუზიცირება-იმპროვიზაციულობა, ვარიანტულობა და ცოცხალი შემოქმედებითი პროცესი.

ფოლკლორის მასაზრდოებელი წყარო ცოცხალი ყოფაა. დროთა ვითარებაში ხალხურ ყოფაში მომხდარმა ცვლილებებმა შეაფერხა ქართული ფოლკლორის ბუნებრივფი განვითარება მოწყვიტა ცოცხალ ყოფას, თუმცა, საბედნიეროდ, ქართული ფოლკლორის ტრადიციული- ავთენტიკური ნიმუშები (ფოლკლორის ყველა დარგში) XXI საუკუნეშიც შემოინახა რაჭამ, სვანეთმა, აჭარამ და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთმა.

საქართველოს ისტორიასა და მატიანეებს არ შემორჩენია ქართული ფოლკლორის შემოქმედთა სახელები. გამოჩენილი მომღერლების, მომღერალთა გვარების, ლოტბარ-მგალობელთა წარმოჩენა- გამომზეურების ხანა XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე დადგა: ქართული საგალობლების ნოტირებით, ქართული ხალხური სიმღერების ფონოგრაფით ჩაწერა-დაფიქსირებითა და ქართული სიმღერის სცენაზე გადატანით. ფოლკლორი, ქართული ხალხური სასიმღერო ხელოვნება, ეროვნული ცნობიერების თვალსაწიერში მოექცა. გაჩნდა ბუნებრივი მოთხოვნილება საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერების ერთად თავმოყრისა და ამ ერთიანობის სცენაზე ხილვისა.

ქართული ხალხური სიმღერის სცენაზე გადატანით მეორეული ფოლკლორი წარმოიშვა. მის პარალელურად კი, მოგვიანებით-გასული საუკუნის 60-70 წლებში-აკადემიური საშემსრულებლო სტილი ჩამოყალიბდა.

ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერა-გალობის უკვდავებისა და სიცოცხლისუნარიანობის საქმეში ოდითგანვე უდიდეს როლს ასრულებდნენ მომღერალი ოჯახები და გვარები, რომლებიც თაობიდან თაობას გადასცემდნენ საშემსრულებლო ტრადიციას, კილოურ აზროვნებასა და რეპერტუარს: კარბელაშვილები, ფალიაშვილები, დუმბაძეები, ერქომაიშვილები, ჩავლეიშვილები, ხუხუნაიშვილები, სიხარულიძეები, ბერძენიშვილები, მახარაძეები, კოროშინაძეები, მჟავანაძეები, გოგოლაძეები, ბაბილოძეები, სიმაშვილები, ჩახუტაშვილები, მჭედლიშვილები, კავსაძეები, ზარდიაშვილები, კელაპტრიშვილები, თარხნიშვილები, ციციშვილები, აკობიები, კაკაჩიები, ხუხუები, დადვანები, ფილფანები..

მომღერლები და ლოტბარები: დედას ლევანა, ოსტატი ალექსა, მიხა ჯიღაური, ექვთიმე კერესელიძე, მელქისედეკ ნაკაშიძე, რაჟდენ ხუნდაძე, ნესტორ კონტრიძე, სიმონ ხონელი, ასლან ერისთავი, შაქრო ლომიძე, გიორგი ფეიქრიშვილი, გიორგი ამუზაშვილი, ფირუზ მახათელაშვილი, ვალერიან ჟუჟიაშვილი, გიორგი პაპალაშვილი, ვარლამ სიმონიშვილი, მიხეილ შავიშვილი, ძუკუ ლოლუა, რემა შელეგია, ნოკო ხურცია, კიწი გეგეჭკორი, პლატონ ფანცულაია, კირილე პაჭკორია, ილია ზაქაიძე, ჰამლეტ გონაშვილი ილია ფალიანი, პლატონ დადვანი, ჯოკია მეშველიანი...

ქართული ტრადიციული მუსიკა-განსაცვიფრებელი მრავალხმიანობა- შერწყმულია არქაულ მუსიკალურ ენასა და ორიგინალურ უნიკალურ ჰარმონიასთან. ქართული სასიმღერო ფოლკლორი და ცეკვა ყოველთვის უდიდეს გავლენას ახდენდა უცხოელებზე. შემთხვევითი არ არის, რომ გასული საუკუნის 900-იანი წლებიდან უცხოეთის ხმის ჩამწერი ფირმების დაინტერესება ქართული სიმღერით და ასე გაჩნდა ლონდონის, რიგის, ბერლინის, ვენის, მოსკოვის, პეტერბურგის მუზეუმების საცავებში სხვადასხვა დროს ჩაწერილი ქართული ხალხური სიმღერის კოლექციები. ამ კოლექციათა უმეტესობა საქართველოში ჩამოიტანა და გამოსცა ანზორ ერქომაიშვილმა (კატალოგი და 100 ქართული ხალხური სიმღერა, 2008 წელი).

მრავალხმიანობა ასეთი განვითარებული სახით მსოფლიოში არ არსებობს. ამას გამოჩენილი მეცნიერები, ფოლკლორისტები, ეთნომუსიკოლოგები, კომპოზიტორები და მუსიკოსები აღიარებენ.

ზიგფრიდ ნადელი-გერმანელი მუსიკისმცოდნე:
'ქართული მრავალხმიანობა ევროპული მრავალხმიანობის საფუძველი უნდა იყოს.'
ალან ივანესი-ამერიკელი კომპოზიტორი:
'ბახი რომ ცოცხალი იყოს, ისიც კი აღტაცებაში მოვიდოდა ასეთი პოლიფონიით.'
იგორ სტრავინსკი-რუსი კომპოზიტორი:
'ჩემთვის ბოლო წლებში ერთ-ერთი უდიდესი შთაბეჭდილება იყო ქართული ხალხური სიმღერის ჩანაწერები. ეს არის მუსიკის აქტიური შესრულების საუკეთესო ტრადიაცია... იოდლი, რომელსაც საქართველოში კრიმანჭულს ეძახიან, საუკეთესოა მათ შორის რაც კი ოდესმე მომისმენია.'
ალან ლომაქსი-ამერიკელი ფოლკლორისტი:
'საქართველო მსოფლიო ხალხური მუსიკის დედაქალაქია.'
სწორედ ალან ლომაქსის რჩევით გაგზავნეს ამერიკელებმა კოსმოსური ხომალდით, დედამიწის ცივილიზაციის გასაცნობად, ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია, ჩიტების ჭიკჭიკი და 'ჩაკრულო' ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის შესრულებით.

ბორის ასაფიევი-რუსი მუსიკისმცოდნე:
'ქართული ხალხური მრავალხმიანი კულტურა უკვე დიდი ხანია აღიარებულია ისტორიულ წვლილად მუსიკის ზოგადსაკაცობრიო დიდ საგანძურში. იგი გვაცვიფრებს და ქედს გვახრევინებს ქართველი ერის მუსიკალური გენიის წინაშე.'

2001 წელს იუნესკომ ქართული მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიო არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარა და კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა.

მთელ მსოფლიოში მზარდია ქართული ტრადიციული მრავალხმიანობისადმი ინტერესი: 2003 წელს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში დაარსდა ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის ცენტრი,' რომელმაც უკვე ოთხი სიმპოზიუმი გამართა (ორ წელიწადში ერთხელ).

ქართულ ფოლკლორს მის ყოველ დარგს, ტრადიციული მრავალხმიანობის დაცვა-შენარჩუნებას შვიდ ათეულ წელზე მეტია (1936 წლიდან) ემსახურება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, მისი მდიდარი არქივი, რომლის მასალების გამოცემა-გამომზეურება ბოლო წლებში ინტენსიურად დაიწყო (დირექტორი გიორგი უშიკიშვილი). ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მთავარი და უცვლელი პრიორიტეტია: ქართული ფოლკლორის ავთენტიკურობის დაცვა, ფოლკლორის ნიმუშების შეკრება, მოვლა, კვლევა და პოპულარიზაცია. ტრადიციულის, მივიწყებულის აღდგენა-გაცოცხლება და მისი შემქმნელი ხალხისთვის უკან დაბრუნება, ცენტრის არქივის გამდიდრება. ამისათვის სამ წელიწადში ერთხელ ტარდება ქართული ფოლკლორის ერონული დათვალიერება-ფესტივალ; ხმის ჩამწერი მოძრავი სტუდია მთელი საქართველოს მასშტაბით იწერს და აფიქსირებს ქართული ფოლკლორის ნიმუშებს; ექსპედიციები, მასტერკლასები, გამოფენები, საარქივო და საექსპედიციო ჩანაწერების გამოცემმები ... ცენტრის მრავალფეროვანი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.

უძველესი ასურული და ბერძნული წერილობითი წყაროები მოგვითხრობენ ქართული სიმღერა-ცეკვის შესახებ : ასურეთის მეფე სარგონი (ძვ. წ. 714 წ): ქართველთა შორეული წინაპრების ომის დროს 'მხიარულ სიმღერებს' ასრულებდნენ; ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტე (ძვ.წ. V-IV სს.) 'ანაბასისში' აღწერ ქართველური ტომების 'განსაკუთრებული ყაიდის', უცნაურ საბრძოლო ცეკვა-სიმღერებს, რომელთაც მოსინიკერი მტრის მოჭრილი თავების გარშებო ასრულებდნენ. შეიძლება სწორედ მრავალხმიანობა იყო ამ სიმღერების განსაკუთრებულობის მიზეზი. მაგრამ XI-XII სს. ქართველი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი, ღვთის სამსახოვნების-სამგვამოვნების მაგალითზე, უკვე ნამდვილად საუბრობს ქარღული სიმღერა-გალობის სამხმიანობის შესახებ. ქართული მუსიკალური ფოლკლორის 'ეთნიკური ბგერითი იდეალი' სწორედ სამხმიანობაში გამოვლინდა.

მდიდარია ჩვენი მუსიკალური ფოლკლორის ჟანრული სისტემა, დიალექტურად გამორჩეული დაDADAმრავალფეროვანი: მუსიკალური აზროვნების მარტივი თუ ურთულესი ფორმებით - აღმოსავლეთ საქართველოს მთის არქაული ფოლკლორიდან პოლიფონიურ ქართლ-კახურ თუ გურულ სიმღერებამდე.

საქართველოში საკრავიერი მუსიკა ძირითადად სიმღერის თანხლებია. დღეს შემორჩენილ საკრავთაგან განსაკუთრებით პოპულარულია ოთხსიმიანი ჩონგური, სამსიმიანი ფანდური, გუდასტვირი (ან ჭიბონი), სალამური, ჭუნირი, დაირა, დოლი და სხვ.

ფოლკლორის საარსებო სოციალური გარემოს შეცვლამ - ტექნიკურმა პროგრესმა, ყოფიდან მრავალი წეს-ჩვეულების გაქრობამ, მდარე მასობრივი პროდუქციის გავრცელებამ იმოქმედა ქართულ ფოლკლორზე, მაგრამ იმედისმომცემია ბოლო წელიში მომხდარი ძვრები, დიდი ყერადღება სახელმწიფოს მხრიდანაც, თუნდაც ქართული ფოლკლორის დაცვის ნაციონალური საპრეზიდენტო პროგრამა, რომლის ფარგლებში უამრავი პროექტი განხორციელდა. დღეს ქართუკი ფოლკლორის ვექტორი მიმართულია უნიკალური მუსიკალური მემკვიდრეობის გადასრჩენად და დასაცავად
http://www.folk.ge